რუსეთის ხელისუფლებამ „ავსტრიის ავიახაზებს“ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო რეისის განხორციელების უფლება არ მისცა
რუსეთის ხელისუფლებამ „ავსტრიის ავიახაზებს“ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო რეისის განხორციელების უფლება არ მისცა

რუსეთის ხელისუფლებამ ავსტრიულ ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზებს“ მარშრუტის ცვლილებების გამო, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას გულისხმობდა, რეისის განხორციელების უფლება არ მისცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამგზავრო-სატვირთო რეისი ვენიდან მოსკოვში უნდა განხორციელებულიყო, აეროპორტმა კი რეისი გაუქმებულად გამოაცხადა. რეისის გაუქმებას ადასტურებენ ავსტრიულ ავიაკომპანიაშიც.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა მის სივრცეში მოქმედ ყველა გადამზიდს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენას, ამის მიზეზი კი 23 მაისს მომხდარი ინციდენტია.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.