რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ კანონი დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. მანამდე აღნიშნული ნორმები რუსეთის დუმაში მიიღეს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, მედიასაშუალებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის ან მოქალაქეების მიერ ფინანსდებიან, „უცხოელ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდნენ და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ უწყებებს პერიოდულად უნდა მიაწოდონ.
მედიასაშუალებებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც მანამდე რუსეთში მომუშავე და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიიღეს.
რუსეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტებთან“ გათანაბრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ში ანალოგიური სტატუსის მიღება რუსულ ტელეკომპანია Russia Today-ს მოსთხოვეს.