რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთში გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ.
მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.
საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა შემდეგი რაოდენობის რუსეთის მოქალაქემ:
17 სექტემბერს 6986 – 7406
18 სექტემბერს 6606 – 6743
19 სექტემბერს 6411 – 6782
20 სექტემბერს 5603 – 6199
21 სექტემბერს 6402 – 6011
22 სექტემბერს 6150 – 6050
23 სექტემბერს 9307 – 6214
24სექტემბერს 9330 – 6249
25 სექტემბერს 11 143 – 5519
26 სექტემბერს 10 804 – 4947
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.
ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.
სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება. შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ – სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ – შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.