რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში ბუნტია. პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულების წამების ფაქტებს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
საქმე ეხება ომსკის კოლონიას, სადაც არეულობა დღეს დილით. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში კი ამტკიცებენ, რომ კოლონიაში მხოლოდ რამდენიმე „უარყოფითად განწყობილი“ პატიმარი დაუპირისპირდა სხვა მსჯავრდებულებს, რომელთა აყოლიებაც ვერ შეძლო.
როგორც ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, პატიმართა ნაწილი კოლონიაში მოქმედი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვდა.
„კერძოდ, ისინი მოითხოვდნენ ბადრაგს მათთვის მობილური ტელეფონებით სარგებლობის და კოლონიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ. ამასთან, პატიმართა ნაწილი ყველა საჯარიმო იზოლატორის გახსნას და იქ მყოფი მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვდა“, – აცხადებენ კოლონიის ადმინისტრაციაში.
სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მასობრივი ჩხუბის გამო, კოლონიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. კოლონიის ტერიტორია გადაკეტილია, შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება. დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
ამასთან, ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ არეულობის ორგანიზატორები იზოლირებულები არიან.
თუმცა, რუსული მედიის ნაწილი წერს, რომ ბუნტის დროს სულ მცირე 20 პატიმარი დაშავდა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ ღამით ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა მსჯავრდებულებმა სხვა პატიმრებს სასტიკად სცემეს. ამას მოჰყვა კონფლიქტი.
სოციალურ მედიით გავრცელდა ომსკის კოლონიის კედელი, რომელზეც დამაგრებულია ფურცელი წარწერით „გვიშველეთ“. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლონიასთან მივიდნენ პატიმართა ნათესავები. პოლიციამ დააკავა ხუთი ქალი, რომელთა შვილებიც კოლონიაში იხდიან სასჯელს.