რუსეთის ექსპერიმენტული თანამგზავრი ორბიტაზე აფეთქდა და დაიშალა — #1tvმეცნიერება
რუსეთის ექსპერიმენტული თანამგზავრი ორბიტაზე აფეთქდა და დაიშალა — #1tvმეცნიერება

აშშ-ის კოსმოსური ძალების კოსმოსური თავდაცვის მე-18 ესკადრის ცნობით, გასულ თვეში უკვე მეორედ, რუსეთის თანამგზავრი KOSMOS 2499 დაიშალა.

კოსმოსური ძალების განცხადებით, ისინი თვალყურს ადევნებენ ორბიტაზე 1169 კმ სიმაღლეზე მოძრავ ნაშალთა 85 ცალკეულ ნაწილს. თანამგზავრი 2023 წლის 4 იანვარს დაიმსხვრა, მაგრამ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასეთ სიმაღლეზე მოძრავ ნარჩენებს ორბიტიდან გამოსვლისა და ატმოსფეროში დაწვისთვის ათწლეულები დასჭირდება. იქამდე კი წარმოადგენს კოსმოსურ ნაგავს დედამიწის ისედაც გადატვირთულ ორბიტაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ Kosmos 2499-ის დამტვრევის მეორე შემთხვევა. ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის ცნობით, პირველი დანაწევრება 2021 წლის 23 ოქტომბერს მოხდა; მისი განცხადებით, თანამგზავრი მაშინ 22 ნაწილად დაიშალა.

ამ თანამგზავრს ფრიად უცნაური ისტორია ჰქონდა. KOSMOS 2499 რუსეთმა უჩუმრად გაუშვა 2014 წლის 23 მაისს. როგორც მის მარშრუტზე დაკვირვება მიუთითებს, თანამგზავრმა უჩვეულო მანევრები შეასრულა, რამაც ზოგიერთს აფიქრებინა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ექსპერიმენტული თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი, თანამგზავრების შეკეთების აპარატი ან კოსმოსური ნაგვის შემგროვებელი.

თუმცა, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თანამგზავრის მიზანი პლაზმის პროპულსიის ექსპერიმენტული ძრავების/იონური ძრავების ტესტირება იყო.

მკვლევართა აზრით, დაშლის პირველი და მეორე შემთხვევაც გამოიწვია ამ პროპულსიის სისტემის აფეთქებამ. დედამიწის დაბალი ორბიტის რუკებისა და მონიტორინგის სერვისის მიმწოდებლის, კომპანია LeoLabs, Inc.-ის განცხადებით, 2020 წელს ასევე აფეთქდა იდენტური თანამგზავრი Kosmos 2491 და ეს შემთხვევაც პროპულსიის სისტემის აფეთქებით იყო გამოწვეული.

ამ მოვლენასთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 27 იანვარს, ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს გაიარა საბჭოთა დროინდელმა ორმა კოსმოსურმა ნაგავმა.

დედამიწის ზედაპირიდან 984 კმ სიმაღლეზე, იმ პერიოდის რაკეტის გამწევის ერთი ნაწილი ექვსი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა ჩამოწერილ თანამგზავრს.

ამ ორის შეჯახების შემთხვევაში, გაჩნდებოდა ათასობით სახიფათო კოსმოსური ნამსხვრევი.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.