რუსეთის ელჩი ევროკავშირში - სკრიპალის მოწამვლისას გამოყენებული შხამი შესაძლოა, დიდი ბრიტანეთშიც იყოს დამზადებული
სკრიპალის მოწამვლის დროს გამოყენებული შხამი შესაძლოა, დიდი ბრიტანეთშიც იყოს დამზადებული, – ასეთი განცხადება ვლადიმირ ჩიჟოვმა ტელეკომპანია BBC-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი ყოფილი რუსი მზვერავისა და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან არ არის დაკავშირებული, ხოლო ქიმიური ნივთიერება, შესაძლოა ქალაქ სოლსბერისთან ახლოს მდებარე კვლევით ცენტრშიც იყოს დამზადებული.
„როდესაც შენ გაქვს საქმე ნერვულ-პარალიტიკურ აგენტთან, შენ ამოწმებ ამას შესაბამის ნიმუშებთან ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში. მოგეხსენებათ, პორტონ დაუნში არის ასეთი ლაბორატორია, რომელიც ქალაქ სოლსბერიდან 12 კილომეტრშია”, – განაცხადა ვლადიმირ ჩიჟოვმა.
დასავლეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლაში ბრალს რუსეთს დებს, რაც მოსკოვში უარყოფენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ბევრი ყოფილი საბჭოთა მეცნიერი დასავლეთის ქვეყნებში გადავიდა საცხოვრებლად და მათ ამ ქიმიური ნივთიერების დამზადების ტექნოლოგია იცოდნენ. აქედან გამომდინარე, ზახაროვას თქმით შესაძლოა, შხამი დაემზადებინათ დიდი ბრიტანეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და აშშ-შიც კი.
ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობამ რუსეთის ბრალდება კატეგორიულად უარყო.