რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ „დეპუტატებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნამ შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს“
რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ „დეპუტატებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნამ შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს“

აფხაზეთში დეპუტატების არჩევის შესახებ კანონში შესწორებებმა აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის შესახებ შესაძლოა, რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით კანონმდებლობის შემუშავების შესახებ, რომელიც ფორმალურად მიმართულია აფხაზური ენის მხარდაჭერისკენ, სინამდვილეში კი, რუსული ენის დისკრიმინაციამდე მივყავართ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც ესწრებოდა.

რუსი დეპუტატის განცხადებით, საუბარია დეპუტატების არჩევის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე. აღნიშნული ცვლილებებით, კანდიდატისთვის სავალდებულო იქნება აფხაზური ენის ცოდნა, ასევე გამკაცრდება თანამდებობის პირების ლინგვისტური კომპეტენციის მოთხოვნები.

„მსგავსი ინიციატივები შეიცავს ეთნიკური დაპირისპირების გამწვავების საფრთხეს, რუსული ენის სტატუსის გათვალისწინებით“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

რუსეთის დუმის წევრმა მაგალითად უკრაინა დაასახელა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეიძლება დაგროვილი ურთიერთობა „აფეთქდეს სწორედ ამ სფეროში მხოლოდ ერთი ზედაპირული მიდგომით“.