რუსეთის ცესკო-მ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო სახალხო კენჭისყრა შემდგარად გამოაცხადა
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო სახალხო კენჭისყრა შემდგარად გამოაცხადა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ელა პანფილოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ფლობს ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არსებულ შედეგებზე აისახოს. ხმის მიცემის საბოლოო შედეგი 3 ივლისს გამოქვეყნდება.
რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ხმის მიცემის შედეგები სრულად გაუქმდა მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რადგან დაფიქსირდა საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის ერთ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ელექტრონულად მისცა ხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოქმების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა 77,92 პროცენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კონსტიტუციის რეფორმა ვლადიმერ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, პრეზიდენტის პოსტი 2036 წლამდე შეინარჩუნოს.