რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. გლადკოვის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, კიდევ 18 ადამიანი დაშავებულია.

როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, ქალაქ ბელგოროდში დაზიანებულია შვიდი კერძო სახლი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი. დაღუპულთა შორის არიან ცენტრის ვიზიტორები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30-ზე აღკვეთეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის თავდასხმის მცდელობა. უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიის თავზე 14 რეაქტიული ჭურვი გაანადგურეს.

უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ბელგოროდზე იერიშს წინ უძღოდა რუსეთს მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის რამდენიმე რეგიონში.