რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ცოტა ხნის წინ ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა. ვიაჩისლავ გლადკოვის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი მანქანების სავალ ნაწილზე ჩამოვარდა.

„ორი ადამიანი დაშავდა“, – წერს ბელგოროდის გუბერნატორი.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ აფეთქება ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მოხდა.

ამჟამად გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.

მანამდე რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის მისამართით ცეცხლი გახსნის შედეგად 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, დაშავებულთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, სადაც განაცხადეს, რომ ბელგოროდში სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ ყოფილა დაშვებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს დილით ორი მოტორიზებული ქვეითი ასეული, რომლებიც გაძლიერებულები იყვნენ ტანკებით, შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტ ნოვაია ტავოლჟანკასთან და საავტომობილო გამშვებ პუნქტ შებეკინოსთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა მოიგერიეს სამი თავდასხმა და გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.