რუსეთი უცხოეთში რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას გეგმავს
რუსეთის მთავრობა დადებითად გამოეხმაურა წინადადებას, რომ უცხოეთში რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონმდებლობის მიხედვით, რუსოფობიად განიხილება რუსეთის მოქალაქეების მიმართ უცხოელი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან დისკრიმინაცია ან მსგავსი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებები.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დანაშაულში ბრალდებულებს რუსეთის სასამართლოები დაუსწრებლად გაასამართლებენ.
ამასთან, რუსეთის მთავრობამ შენიშვნა გამოთქვა დამატებითი სასჯელის მიმართ, რომელსაც აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ რუსოფობიაში ბრალდებულ პირებს რუსეთში „გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელება“ აეკრძალებათ. რუსეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს სანქცია პრაქტიკაში რთულად განხორციელდება, რადგანაც საუბარია საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებზე.
რუსოფობიისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა რუსეთში შარშან წარადგინეს. მაშინ მთავრობის საკანონმდებლო საქმიანობის კომისიამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტში საუბარია სწორედ რუსეთის მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების მიმართ უცხოეთში განხორციელებულ დისკრიმინაციაზე. რუსეთის ტერიტორიაზე რუსოფობიისთვის პასუხისმგებლობის დაწესება არ იგეგმება. ასევე, არ არის განმარტებული, რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად.