რუსეთი გაერო-ს მოუწოდებს, დაეხმაროს შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაში, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისკენაა მიმართული. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ დრომდე ვერ ვხედავთ რაიმე შედეგს მეორე ასპექტთან დაკავშირებით, რაც რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც ის დათანხმდა საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, სიტუაცია უნდა მოგვარდეს „უახლოეს პერიოდში“.
„სასუქისა და მარცვლეულის მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ეს მოცულობა რუსეთის მხრიდან შეუდარებლად დიდია, ვიდრე უკრაინის მხრიდან“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით ივლისში, 120 დღის ვადით გაფორმდა. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება. მოსკოვს არ მიაჩნია, რომ მისი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სასუქის მარაგების ექსპორტისთვის საკმარისი გაკეთდა.
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე არ ვრცელდება, თუმცა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებით, ექსპორტს ხელს უშლის მისი ფინანსური, ლოგისტიკური და სადაზღვევო სექტორებისთვის დაწესებული შეზღუდვები.
კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეთანხმებაში მონაწილეობის განახლება ნიშნავს თუ არა, რომ რუსეთი თანახმაა მის გახანგრძლივებაზე, რაზეც პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის. კრემლის წარმომადგენლის თქმით, საჭიროა შეთანხმების ყველა მხარის და პარამეტრის შესრულების შეფასება.
„საჭიროა ჯერ გახანგრძლივების საკითხის ოფიციალურად განხილვა, ვიდრე მისი ვადა არ ამოიწურა. თქვენ გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, თუმცა 19 რიცხვისთვის, გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა შეფასდეს შეთანხმების შესრულების ეფექტიანობა“, – აღნიშნა პესკოვმა.
გასულ შაბათს, მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. გუშინ კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო და „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა.