რუსეთი და საუდის არაბეთი ოპეკის შეხვედრაზე ნავთობის წარმოების გაზრდის ინიციატივის გატანას აპირებენ
ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის, ოპეკის 22 ივნისს ვენაში დაგეგმილ შეხვედრა დიდი ალბათობით დაძაბული იქნება. ოპეკის დე-ფაქტო ლიდერი საუდის არაბეთი და ოპეკის არა-წევრი მეკავშირე ქვეყანა რუსეთი ივლისიდან ნავთობის წარმოების მკვეთრი ზრდის ინიციატივის გატანას აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპეკის რამდენიმე წევრი ირანის ჩათვლით, ამ აზრს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საუდის არაბეთსა და რუსეთს, წარმოების ზრდა ბაზარზე მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით სურთ. როგორც ცნობილია, წლის მესამე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნა ტრადიციულად სწრაფად იზრდება, ვენესუელასა და ლიბიაში კი წარმოება ეცემა, რაც ბაზარზე დეფიციტის წინაპირობას ქმნის.
როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა მედიას განუცხადა, თუ ზომებს დროულად არ მიიღებენ, ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება, რაც ბაზრის გადახურებას გამოიწვევს.
ნოვაკის მიხედვით, რუსეთი დღიური წარმოების 1.5 მილიონი ბარელით გაზრდის მომხრეა, რადგან სწორედ ამ მოცულობას შეუძლია ბაზარზე იმ ვაკუუმის შევსება, რაც წარმოების შემცირებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, წინა წლებში ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, ოპეკის წევრმა და არა-წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, ფასის გაზრდის მიზნით, დღიურ წარმოებაზე 1.8 მილიონი ბარელის ლიმიტი დააწესა. ლიმიტი უკვე 18 თვეა მოქმედებს და ფასიც 2016 წელს დაფიქსირებული- ბარელზე 27 დოლარიდან უკვე 75 დოლარამდე ავიდა. ფასის ასეთ ზრდას მომხმარებლის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ნავთობის ყველაზე მსხვილმა მომხმარებლებმა შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ოპეკს წარმოების ზრდისკენ მოუწოდეს.
ოპეკი და მისი მეკავშირე რუსეთი პარასკევს შეიკრიბებიან, რომ ნავთობის წარმოების პოლიტიკა განსაზღვრონ. საუდის არაბეთი და რუსეთი უკვე გამოვიდნენ წარმოების თანდათან შემცირების ინიციატივით, თუმცა ოპეკის წევრი ქვეყნები, მათ შორის ირანი, ერაყი, ვენესუელა და ალჟირი, ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.
სამმა ანონიმურმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ ორშაბათს უკვე შედგა ოპეკის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ბაზარი მიმოიხილეს და 2018 წლის პროგნოზები შეაფასეს. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით გაირკვა, რომ თუ ნავთობის წარმოება მაისის დონეზე დარჩა, მომავალი ექვსი თვის მანძილზე ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება. მიუხედავად ამისა, წარმოების ზრდის ოპოზიციურმა ფრთამ ალჟირის, ირანისა და ვენესუელას ჩათვლით, პოზიცია არ შეიცვალა.
ნავთობის ბაზარზე მოთხოვნა ბოლო ორი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, მოთხოვნის ზრდა წლიურად 1.5 პროცენტს აჭარბებს. არსებობს მოლოდინი, რომ მსოფლიოს დღიური მოთხოვნა მომავალ წელს 100 მილიონ ბარელზე მეტი იქნება.
ჯერჯერობით კომენტარისაგან თავს იკავებენ ქუვეიტის, ანგოლასა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ენერგეტიკის მინისტრები. ეკვადორის ნავთობის მინისტრმა, კარლოს პერესმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ოპეკს წინ რთული შეხვედრა ელოდება.
ოპეკის რიგით მეორე და მესამე უმსხვილესმა მწარმოებლებმა, ერაყმა და ირანმა უკვე დააფიქსირეს, რომ უარს ამბობენ წარმოების გაზრდაზე. მათი განმარტებით, ეს არღვევს ამჟამად მოქმედ დათქმას, რომელიც წლის ბოლომდე წარმოების შეზღუდვას გულისხმობს. როგორც „როიტერმა“ ანონიმური წყაროებიდან შეიტყო, თავად საუდის არაბეთის მეკავშირე ქვეყნებიც, ქუვეითი და ომანი ეწინააღმდეგებიან წარმოების მყისიერ ზრდას.
რუსეთი თვლის, რომ წარმოების ხანგრძლივად შეზღუდვა შტატებში ფილქნური ნავთობის წარმოების მეტისმეტად მაღალ ზრდას გამოიწვევს, რაც მიუღებელია. რუსეთის რიგით მეორე უმსხვილესი ნავთობის კომპანიის, „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა, ვაგიტ ალეკპეროვმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ნავთობის წარმოების გლობალური შეზღუდვა უნდა განახევრდეს და კომპანია მზადაა, ორ-სამ თვეში აღადგინოს წარმოების ძველი მოცულობა.
ცნობილია, რომ ოპეკის გადაწყვეტილება საერთო თანხმობაზეა დაფუძნებული, ამიტომ, არსებული აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პარასკევის შეხვედრა ძალიან დაძაბული იქნება. დაძაბულობის მოლოდინს ისიც ზრდის, რომ ირანმა და ვენესუელამ ამ ქვეყნებზე შტატების მიერ დაკისრებული სანქციების განხილვაც მოითხოვეს, მაგრამ ორგანიზაციამ მათი ოფიციალური მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არ შეიტანა შეხვედრაზე განსახილველი საკითხების რიცხვში.