რუსეთი და ჩინეთი მორიგ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სექტემბერში გამართავენ
რუსეთი და ჩინეთი სექტემბერში კიდევ ერთხელ გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. მანევრებში, სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ურთიერთქმედება 2024“ ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები და ავიაცია მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნები ოხოტსკისა და იაპონიის ზღვებში და მათ საჰაერო სივრცეში ჩატარდება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანია „სტრატეგიული თანამშრომლობისა და საფრთხეებისადმი ერთობლივი წინააღმდეგობის გაძლიერება“.
ანალოგიური წვრთნები 2023 წლის 20-23 ივლისს იაპონიის ზღვაში გაიმართა. მიმდინარე წლის ზაფხულში რუსულმა საზღვაო ძალებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ჩინეთთან ერთობლივ წვრთნებში „საზღვაო თანამშრომლობა – 2024“, რომლებიც ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსთან გაიმართა.
უკანასკნელ წლებში ჩინეთი და რუსეთი დაახლოვდნენ და ამ თანამშრომლობას „უსაზღვროდ მტკიცეს“ უწოდებენ. ამავე დროს დასავლეთი აკრიტიკებს ჩინეთს და აცხადებს, რომ პეკინი უკრაინის კონფლიქტში მხარს უჭერს მოსკოვს.