რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის პროგრამას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციაში ბელარუსის ელჩმა ვლადიმირ სემაშკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ინტეგრაციის პროგრამა 10 სექტემბერს მინსკში გაფორმდება, სადაც ორი ქვეყნის სამოკავშირეო მთავრობის სხდომა გაიმართება.
„10 სექტემბერს გაიმართება ბელარუსის და რუსეთის სამოკავშირეო მთავრობის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემეირ-მინისტრები უხელმძღვანელებენ. ამ სხდომაზე მოეწერება ხელი ინტეგრაციის საერთო პროგრამას“, – განაცხადა სემაშკომ.
დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობა ინტეგრაციის 28 საგზაო რუკიდან, 27 უკვე სრულად შეათანხმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის ინტეგრაციის საგზაო რუკებზე მუშაობდა. მათ ნაწილზე მოსკოვმა და მინსკმა შეთანხმებას მიაღწიეს. რუსული მედიის ცნობით, შეთანხება ჯერ არ არის მიღწეული საგზაო რუკაზე, რომელიც ენერგომატარებლებს ეხება.
ამასთან, 9 სექტემბერს მოსკოვში დაგეგმილია რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც ორი ქვეყნის ინეტეგრაციის გეგმაზე იმსჯელებენ.