რუსეთი „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით, ბრიტანეთის 25 მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ბრიტანეთის არამეგობრულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსეთის მხარემ გადაწყვიტა, მიეღო პერსონალური სანქციები ბრიტანეთის 25 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალებათ“, – აცხადებს ზახაროვა.
2020 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესა. სანქცია დაუწესდა რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქტივები გაეყინათ და გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აეკრძალათ.
„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. კანონი პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებთან აქვთ კავშირი.