გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი – სახელგანთქმული რურის დერბი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად უნდა მოინათლოს. უაღრესად საინტერესო და დრამატული სცენარის მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.
გუნდებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველ ნახევარში „დორტმუნდმა“, რომელსაც ზედიზედ სამი წაგება და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, 13 წუთში ოთხი გოლი (!) გაიტანა. თავი გამოიჩინეს ობამეიანმგმა, გიოტცემ და რაფაელ გერეირომ, კიდევ ერთი გოლი კი სტამბოლიმ გაიტანა საკუთარ კარში და მასპინძლებმა ტაიმი 4:0 მოიგეს. პირველ 45 წუთში დარტყმების შეფარდება იყო – 9:1 (ზუსტი დარტყმები – 5:0).
მეორე ნახევარში ანალოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 11:2 (1:7), ოღონდ „შალკეს“ სასარგებლოდ. მე-60 წუთამდე „დორტმუნდი“ ინარჩუნებდა პირველი ტაიმის ანგარიშს, მაგრამ თამაშს ინტრიგა ოთხ წუთში დაუბრუნდა, როცა დროის ამ ინტერვალში ბურგშტალერმა და ჰარიტმა ორი გოლი გაიტანეს – 4:2. 72-ე წუთზე, ობამეიანგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „დორტმუნდი“ 10 კაცით დარჩა მოედანზე.
რიცხობრივი უპირატესობა „შალკემ“ 86-ე წუთზე გამოიყენა – დანიელ კალიჯურიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო, რპდესაც თამაშის დასრულებას წამები აკლდა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე, სტუმრების ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ნალდომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:4.
„დორტმუნდმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი ვერ მოიგო და მეოთხე ადგილზეა. „შალკემ“ მესამე პოზიცია შეინარჩუნა. ამ გუნდებს შორის სხვაობა სამი ქულაა.