რუმინეთსა და საქართველოს შორის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სტრატეგიულ დონეზე ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.
შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა, თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა, თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. გარდა ამისა, შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) შექმნას ითვალისწინებს.
„ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ეს თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე. იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას. ამიტომაც, ეს შეთანხმება იქნება ახალი ნაბიჯი, განსაკუთრებით, ნატო-სთან დაახლოების გზაზე“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ციცაგიმ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავცელებს.