რუმინეთში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს
რუმინეთში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილამ განაცხადა, ორივე მინისტრს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა. ამასთან, როგორც მედიაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრს თეოდორ მალეშკანუსა და კარმენ დანის მიმართ კონკრეტული ბრალდება არ წაუყენებია.
როგორც რუმინული მედია ამტკიცებს, ორივე მინისტრის გადაყენების მიზეზად ევროპარლამენტის არჩევნების ცუდად ორგანიზება დაასახელეს. 26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. ხმის მიცემის პროცესი არეულობაში გადაიზარდა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, მას 2018 წლის აგვისტოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი თეოდორ მალეშკანუ ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი კარმენ დანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.
რუმინეთი მთავარი დიპლომატის ადგილს ისევ ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის წევრი, რამონ მანესკუ დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ნიკოლაე მოგა ჩაუდგება სათავეში.
მედია წერს, რომ ორი არაპოპულარული მინისტრის გადაყენების გზით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი 10 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მთავრობის იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს.