რუმინეთში მმართველი კოალიცია დაიშალა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატებთან მთავრობაში მუშაობა აღარ სურს. კელინ პოპესკუ-ტერიჩანუმ მოუწოდა მის თანაპარტიელებს, მინისტრობიდან გადადგნენ.
თავის მხრივ, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიორიკა დენჩილამ დაკავებული პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი თანაპარტიელები მთავრობის წევრების უფლებამოსილებას შეასრულებენ და ახალი პარტნიორის პოვნას შეეცდებიან. ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, რიგგარეშე არჩევნები აირიდოს თავიდან.
გეგმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რუმინეთში 2020 წლის ბოლოს უნდა გაიმართოს. ახლა სოციალ-დემოკრატებს პარლამენტში 465 ადგილიდან 205 აქვთ.
ლიბერალ-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების ალიანსი რუმინეთს 2016 წლიდან მართავდა. ორ პარტიას შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალ-დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანიდადატად პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილა წარადგინეს.
საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში 2019 წლის ნოემბერში გაიმართება. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იაოჰანესიც, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.