რუმინეთში იუსტიციის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
რუმინეთში ათასობით ადამიანმა იუსტიციის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მინისტრის ტუდორელ ტოადერის მიერ კორუფციულ საქმეებზე მომუშავე მთავარი პროკურორის ლაურა კოვეშის გათავისუფლების გეგმა გახდა.
22 თებერვალს, იუსტიციის მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ლაურა კოვეშის გათავისუფლების თხოვნით. მინისტრმა მიზეზად პროკურორის მიერ უფლებამოსულების გადამეტება და კონსტიტუციის დარღვევა დაასახელა.
ბუქარესტში იუსტიციის მინისტრის ინიციატივის გასაპროტესტებლად აქციაში დაახლოებით ოთხი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროკურორის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა რუმინეთის სხვა ქალაქებშიც.
ლაურა კოვეში ანტიკორუფციული გამოძიების სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფიგურანტები გახდნენ დეპუტატები, მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები, მათ შორის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე, რომელმაც თანამდებობა ერთი თვის წინ დაიკავა, სასამართლო სფეროში რეფორმის მხარდამჭერია. ცვლილებები ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
რუმინეთში მთავარი პროკურორების გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მხარი დაუჭირა ლაურა კოვეშის და გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი ტუდორელ ტოადერი, რომელმაც, პრეზიდენტის თქმით, პროკურორის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტები ვერ წარადგინა.