რუმინეთში დრონის ფრაგმენტების აღმოჩენის შემდეგ ნატო-ში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული დარტყმის ნიშნებს
რუმინეთში რუსული დრონის ფრაგმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით ნატო აცხადებს, რომ ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული დარტყმის ნიშნებს ვერ ხედავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს არ აქვს რამე ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა ალიანსის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართულ დარტყმაზე, ეს ქმედებები არის უპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში“, – ნათქვამია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან, დუნაის სანაპიროსთან მდებარე სოფელ პლაურუსთან რუსული დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
რუმინული დასახლება პლაურუ უკრაინულ პორტ იზმაილთან მდებარეობს, რომელზეც რუსეთი დარტყმებს ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 25 ივლისის ღამით უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის რუსეთმა 38 დრონი გამოიყენა, უკრაინის ძალებმა 25 მათგანი ჩამოაგდეს, კიდევ სამი დრონი დაიკარგა რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.