რუმინეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპქტივებზე პოლიტიკური დეკლარაციის მიღება და განვითარების პროგრამების განსაზღვრა სურს
რუმინეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპქტივებზე პოლიტიკური დეკლარაციის მიღება და განვითარების პროგრამების განსაზღვრა სურს

რუმინეთს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპქტივებზე პოლიტიკური დეკლარაციის მიღება და განვითარების კონკრეტული პროგრამების განსაზღვრა სურს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელეშკანუმ განაცხადა.

თეოდორ მელეშკანუს თქმით, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს მოსაზრებას, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები ევროკავშირის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პროექტების განსაზღვრა და დაფინანსება იქნება.

მელეშკანუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთს შავი ზღვის ორგანიზაციების თანამშრომლობაში ევროკავშირის ჩართულობის გაზრდა სურს.

2019 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთი 6 თვის ვადით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც მეზობლების დაახლოებას ისახავს მიზნად. პროგრამაში საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და ბელარუსი არიან ჩართული.