რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი იონ ილიესკუ სასამართლოს წინაშე წარდგება
რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი იონ ილიესკუ სასამართლოს წინაშე წარდგება. მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი.
რუმინეთის პროკურატურამ დაასრულა ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროს გარდაცვალების მიზეზების გამოძიების საქმე. რუმინეთის მთავარი პროკურორის აუგუსტინ ლაზარის თქმით, 1989 წლის დეკემბრის მოვლენების მრავალწლიანი გამოძიების დასრულება რუმინეთის სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
რუმინეთის გენერალური პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, იონ ილიესკუს და კიდევ ორ პირს ტელევიზიითა და საჯარო გამოსვლებისას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. პროკურატურის მტკიცებით, მათმა განცხადებებმა გაზარდა ქაოსური სროლისა და სადავო სამხედრო ბრძანებების გაცემის რისკი. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულთა შორის არიან ყოფილი ვიცე-პრემიერი გელუ ვოიკულესკუ და საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური იოსიფ რუსი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 20 წელზე მეტი გრძელდებოდა, თუმცა 2015 წელს დაიხურა. მსხვერპლთა ნათესავებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზით საქმის გამოძიების განახლება მოითხოვეს.
რუმინეთში 1989 წლის რევოლუციის შემდგომ დღეებში 862 ადამიანი მოკლეს.
იონ ილიესკუ 1989 წლის 22 დეკემბრიდან „ნაციონალური გადარჩენის ფრონტის“ საბჭოს პრეზიდენტი იყო. აღნიშნული ორგანო ფატქობრივად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებას ფლობდა. იონ ილიესკუ ახლა 89 წლისაა.