რუმინეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ჯორჯე სიმიონი უკრაინისგან გაწეული დახმარებისთვის კომპენსაციას ითხოვს
რუმინეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ჯორჯე სიმიონი უკრაინისგან გაწეული დახმარებისთვის კომპენსაციას ითხოვს

რუმინეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელმაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო, უკრაინისგან მისი ქვეყნის მიერ გაწეული დახმარების კომპენსაციას ითხოვს.

სიმიონმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიმართ არის „ნეიტრალიტეტი, არა ესკალაცია და არა იარაღის მიწოდება, არამედ ტრამპის პოლიტიკასთან შეერთება“.

მისივე თქმით, ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევას და რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საკუთარ მოსახლეობაზე გაამახვილებს ყურადღებას“.

„უკრაინას ჩვენ ვჭირდებით და არა ჩვენ უკრაინა. უკრაინამ პატივი უნდა სცეს უკრაინაში მცხოვრებ რუმინელებს. ჩვენ გვინდა კომპენსაცია რუმინეთის მიერ სამხედრო მოქმედებებში აქამდე მონაწილეობისთვის“, – განაცხადა სიმიონმა.

რუმინელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ კომპენსაციის ფორმა განხილვას ექვემდებარება.

„მაგრამ Patriot-ის სისტემისთვის, რომელიც კლაუს იოჰანისმა გააჩუქა და ამით ეროვნული ღალატი ჩაიდინა, აგრეთვე სხვა ხარჯებისთვის, რომლებიც რუმინელებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს, ჩვენ რაღაც უნდა მივიღოთ სანაცვლოდ“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, 4 მაისს რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომლის შედეგადაც პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელმაც ხმათა 40.94 პროცენტი მიიღო, ხოლო ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა – 20.99 პროცენტი.