რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული დრონის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებს.
უწყების ცნობით, ღამით, მეზობელ უკრაინაზე იერიშის დროს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სავარაუდოდ, რუმინეთის საჰაერო სივრცე ძალიან მოკლე პერიოდით, სამ წუთზე ნაკლები ხნით დაარღვია.
„რუმინეთის რადიოლოკაციურმა სისტემამ გამოავლინა იმის შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, გადაკვეთა რუმინეთის საჰაერო სივრცე ძალიან მოკლე პერიოდით – სამ წუთზე ნაკლები ხნით – სასაზღვრო ზონაში“, – განაცხადეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღნიშნულის პასუხად, აფრინდა F-16-ის ორი რუმინელი გამანადგურებელი და F-18-ის ტიპის ორი ესპანური თვითმფრინავი, რომლებიც საჰაერო პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.
ოდესის ოლქის იზმაილის პორტზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად წუხელ სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
რუმინეთს უკრაინასთან 650 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუმინეთის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა რუსული დრონების ფრაგმენტები.