რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ცალმხრივად არ აკრძალავს და ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაელოდება
რუმინეთი არ აკრძალავს ცალმხრივად უკრაინული მარცვლეულის იმპორტს და დაელოდება ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პეტრე დაეამ ბუქარესტში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და უკრაინა ყოველკვირეულად გამართავენ კონსულტაციებს მარცვლეულის მოსალოდნელ მოცულობებთან დაკავშირებით იმპორტის შესაზღუდად.
„ვფიქრობ, აუცილებელია დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ევროკომისია და შემდეგ ჩვენ კვლავ შევხდებით გრძელვადიანი წესების ჩამოსაყალიბებლად, რადგან რუმინეთი და უკრიანა მარცვლეულის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები არიან“, – განაცხადა რუმინელმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ოთხმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ, რუმინეთმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაამკაცრა.