რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ დაადასტურა, რომ რუსეთის დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მინისტრის თქმით, რუმინეთმა მომხდარის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთმა მორიგი საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინის სამხრეთის მიმართულებით რუსეთმა გუშინ „შაჰედის“ დრონებით იერიში განახორციელა, რა დროსაც დაიბომბა მდინარე დუნიაზე მდებარე იზმაილის პორტი. ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის დროს რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გაუშვა. ასევე, სპეციალისტები გაგზავნა უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება პლაურუსთან, სადაც შესაძლებელი იყო დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა.