რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანთან განვიხილეთ „შავი ზღვა-კასპიის ზღვის“ მარშრუტის სწრაფად ამოქმედების საკითხი, ამ ინიციატივაზე საქართველოსთან და თურქმენეთთან ერთად ვმუშაობთ
რუმინეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი მარშრუტი განიხილეს.
როგორც ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენეციაზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლუმინიცა ოდობესკუმ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საშუალებას იძლევა, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან პროდუქტების ახალი ნაკადები მოიზიდოს.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მიერ ძალისხმევის დაჩქარება, რათა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შავი ზღვა-კასპიის ზღვა“ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. ეს არის ინიციატივა, რომლის განვითარებაზეც საქართველოსა და თურქმენეთთან ერთად ვმუშაობთ. ის საშუალებას მოგვცემს, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და წყნარი ოკეანის რეგიონიდან ტვირთების ახალი ნაკადების მოზიდვა მოხდეს, ხოლო ჩვენი პორტები შავ ზღვასა და კასპიის ზღვაში გადავაქციოთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ცენტრებად აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღერძზე“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.