რუმინეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
რუმინეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის გენერალურმა პროკურორმა აუგუსტნ ლაზარმა გააკეთა. მან შესაბამისი შუამდგომლობით ქვეყნის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს მიმართა.
რუმინეთის გენერალური პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, იონ ილიესკუს, ყოფილი პრემიერის, პეტრე რომანისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, ჯელუ ვოიკულესკუს წინააღმდეგ გამოძიების განახლებას აპირებს .
ლაზარის თქმით, ამჟამად პროკურატურა ნიკოლაუ ჩაუშესკუს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ განხორციელებულ ძალადობაზე, ამ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხს იძიებს.
„ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთავრობის მიერ გატარებულმა ზომებმა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია“, – განაცხადა რუმინეთის გენერალურმა პროკურორმა.
ილიესკუს, რომანსა და ვოიკულესკუს ბრალი ედებათ მშვიდობიანი მიტინგის დაშლასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 20- წელზე მეტი გრძელდებოდა, თუმცა 2015 წელს დაიხურა.
მსხვერპლთა ნათესავებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზით საქმის გამოძიების განახლება მოითხოვეს. რუმინეთში 1989 წლის რევოლუციის დროს, ოფიციალური მონაცემებით, 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
იონ ილიესკუ 1989 წლის 22 დეკემბრიდან „ნაციონალური გადარჩენის ფრონტის“ საბჭოს პრეზიდენტი იყო, აღნიშნული ორგანო ფატქობრივად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებას ფლობდა. იონ ილიესკუ ახლა 88 წლისაა.