რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთი იმუშავებს, რათა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამი ზღვის ინიციატივას დაუახლოვდნენ
რუმინეთი იმუშავებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამი ზღვის ინიციატივას დაუახლოვდნენ, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა რიგაში, სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე განაცხადა.
რიგის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ სამი ზღვის ინიციატივის შემდეგ შეხვედრას სწორედ რუმინეთი უმასპინძლებს.
იოჰანისის თქმით, რუმინეთი გამოიყენებს თავის პრეზიდენტობას, რათა დაეხმაროს უკრაინას პროდუქციის ექსპორტის გზების ძიებაში.
„როგორც მომავალი სამიტისა და ინიციატივის ბიზნესფორუმის მასპინძელი ქვეყანა, რუმინეთი შეისწავლის ყველა შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც ინიციატივას შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას. კერძოდ, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ურთიერთდაკავშირების პროექტებზე, რომლებშიც უკრაინას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, როგორც ინიციატივის პარტნიორმა. ამავდროულად, რუმინეთს მტკიცედ სჯერა, რომ მოლდოვამ და საქართველომ, რომლებიც, ისევე როგორც უკრაინა, ერთსა და იმავე გზაზე დგანან ევროკავშირისკენ, უნდა მიიღონ ჩვენგან იგივე მხარდაჭერა, რადგან მათი გამძლეობა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, სამი ზღვის ინიციატივა 2016 წელს, პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდასა და მისი მაშინდელი ხორვატი კოლეგის, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის მიერ დაარსდა, როგორც ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა. ინიციატივის შემადგენლობაში ევროკავშირის 12 ქვეყანა შედის, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ და ასევე ადრიატიკის, ბალტიის და შავი ზღვების სანაპიროებზე აქვთ გასასვლელი. სახელწოდებაც სწორედ აღნიშნულ სამ ზღვას უკავშირდება.