რუმინეთის პრეზიდენტი - როდესაც რუსები დუნაის მეორე მხარეს მდებარე ქალაქებს ურტყამენ, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ რუმინეთის მოქალაქეებს არ დააზარალებენ
რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის დაბომბვის ტაქტიკა უნდა შეცვალოს, რათა მისი ქვეყნის მოქალაქეები არ დაზარალდნენ. ამის შესახებ ნიკუშორ დანმა „ბიბისი ვიქენდს“ (BBC Weekend) განუცხადა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესაძლოა, 20 ან 30 დრონის ინციდენტი გვქონდა. თავდაპირველად, ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებებს არ შეიცავდნენ. დაახლოებით ერთი თვის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა“, – განაცხადა დანმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები საფრთხეს უქმნის რუმინეთის მოქალაქეებს.
„ამიტომ, როდესაც რუსები დუნაის მეორე მხარეს მდებარე ქალაქებს ურტყამენ, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ რუმინეთის მოქალაქეებს არ დააზარალებენ“, – აღნიშნა დენმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის ელჩის გაძევების შესაძლებლობას, თუ დრონების ინციდენტები კვლავ მოხდება.
ცნობისთვის, 29 მაისის ღამეს რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი ათსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.