რუმინეთის პრეზიდენტი - კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამჟამად რუმინეთი გახლავთ მეორე ქვეყანა, ყველაზე მსხვილი, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, ექსპერტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ჩვენ ვახორციელებთ სიტუაციის მონიტორინგს დაზარალებულ ზონებში, რომლებიც არიან რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული რეგიონები 2008 წლიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ე.წ. განგრძობითი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ უსაფრთხოების გარემოს აღდგენას, ვცდილობთ, დავეხმაროთ დაზარალებულ რეგიონებს და მათ მოსახლეობას. გარდა ამისა, რუმინეთი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის ყურადღების მიპყრობას საერთაშორისო კონფლიქტების მიმართ და ვცდილობთ, დავუჭიროთ მხარი საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უკრაინაში შექმნილ ვითარებას. კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის აგრესიას.
„ვისაუბრეთ ამჟამინდელ რეგიონულ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ამ ეტაპზე გამოირჩევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით. გუშინ რუსულმა რაკეტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მსგავსი თავდასხმები ზოგადად უნდა დაიგმოს მთელი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, ეს არის დაუშვებელი. რუმინეთი მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ამ აგრესიას“, – აღნიშნა კლაუს იოჰანისმა.