რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ თანამდებობას არ დატოვებს მიუხედავად იმისა, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მას მხარს აღარ უჭერს
რუმინეთის პრემიერი აცხადებს, რომ თანამდებობას არ დატოვებს მიუხედავად იმისა, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მას მხარს აღარ უჭერს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოჟანი აცხადებს, რომ თანამდებობას არ დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მას პოლიტიკურად მხარს აღარ უჭერს.

ბოლოჟანმა „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილებას „სრულიად არასწორი და პასუხისმგებლობას მოკლებული“ უწოდა.

„ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ კი არა, რუმინეთის წინააღმდეგაა მიმართული. გასულ ზაფხულს კოალიცია სამ პრინციპზე შეთანხმდა: ფინანსების მოწესრიგება, კარგი მართვა და მოქალაქეების პატივისცემა. რასაც დღეს ვხედავთ, ჩვენი ფინანსების საფრთხის ქვეშ დაყენება და მთავრობის ნგრევაა მოქალაქეების ინტერესების სრული უგულებელყოფით. განვაგრძობ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ისე, რომ მთავრობის სტაბილურობა უზრუნველვყო“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დაპირისპირება ბოლოჟანის მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას მოჰყვა. პრემიერი ბიუჯეტის დაბალანსებისთვის ხარჯების შემცირებას ახორციელებს, რასაც კოალიციის უმსხვილესი, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია არ ეთანხმება.

პარლამენტში გამართულ სპეციალურ სხდომაზე მათ პრემიერისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას მისცეს ხმა.