რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმა გადაიხადა.
საქმე ეხება სიციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს, სადაც რუმინეთის მთავრობის მეთაური სხვა მინისტრებთან ერთად დახურულ შენობაში ზის, ნიღაბი არ უკეთია და სიგარეტს ეწევა. პირბადე არც სხვა მინისტრებს უკეთიათ.
მოგვიანებით, ლუდოვიკ ორბანმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დარღვევის გამო ჯარიმის სახით 600 ევრო გადაიხადა. მისივე თქმით, ფოტოსურათი 25 მაისს არის გადაღებული, როდესაც მას დაბადების დღე ჰქონდა.
რუმინეთში დღეს მოქმედი წესებით, დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე სავალდებულოა. რაც შეეხება მოწევას, დახურულ შენობაში თამბაქოს მოხმარება 2016 წლიდან არის აკრძალული.
რუმინეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 19 133 შემთხვევა გამოვლინდა. 1 253 ადამიანი გარდაიცვალა.