რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს
რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება, – ამის შესახებ რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა, დან ნიკოლასკუმ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის მაღალი პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი მოგვარდეს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით.
მნიშვნელოვანია საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და მხარს ვუჭერთ მას, ისევე როგორც მივესალმებით ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებულ რეფორმებს და ევროინტეგრაციის გზაზე მიმართულ ძალისხმევას” – აღნიშნა რუმინეთის სახელმწიფო მდივანმა.
დან ნიკოლასკუმ რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. მისი თქმით, საქართველოც და უკრაინაც რუსული აგრესიის მსხვერპლია.
„იგივე განცდა გვაქვს რაც ჩვენს ქართველ მეგობრებს. საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ იგივე მოხდა ყირიმშიც, საქართველოც და უკრაინაც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. ჩვენ მივესალმებით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის რეზოლუციას საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ. უკრაინა მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას. მიგვაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორები უნდა იყვნენ დაშვებულნი“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ორივე ქვეყანას რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე გააჩნია.
ღონისძიებაზე ასევე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს პარტნიორმა ქვეყნებმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიება „ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” გაიმართა, რომელზეც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ ტერიტორიების იზოლაცია იწვევს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში – „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და ღონისძიების მონაწილეებს მიმართა.
ინფორმაციას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.