რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატი დიანა შოშოაკე რეგისტრაციიდან მოხსნა
რუმინეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი, დიანა შოშოაკე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკელები, ებრაელები და ევროკავშირი რუმინეთში არჩევნების ფასლიფიცირებაზე შეთანხმდნენ.
როგორც რუმინული მედია წერს, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორედ და საბოლოოდ უარი უთხრა დიანა შოშოაკეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.
მანამდე შოშოაკეს არჩევნებში მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აუკრძალეს. კერძოდ, სასამართლოს ვერდიქტში ნათქვამია, რომ შოშოაკემ ვერ მოახდინა ქვეყნის კონსტიტუციისადმი სათანადო ერთგულება.
საპასუხოდ, შოშოაკემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ამერიკელებმა, ებრაელებმა და ევროკავშირმა მოილაპარაკეს, რუმინეთში არჩევნების ფალსიფიცირება მოახდინონ და რომ რუმინეთში დიქტატურა დამყარდა.
რუმინული მედიის ცნობით, დიანა შოშოაკე არის ულტრამემაჯვენე და ევროსკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებზე ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის შეყვანა შეძლო. ის ცნობილია სკანდალური განცხადებებით, რის გამოც, ერთხელ ევროპარლამენტის დარბაზიდანაც კი გააძევეს, რადგანაც ხელს უშლიდა კოლეგას გამოსვლაში. მანამდე ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპარლამენტში მიიყვანოს მღვდელი და შენობა აკურთხონ, რათა „ეშმაკი გააძევონ“.