რუმინეთი გეგმავს, ევროკომისიას უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს
რუმინეთი გეგმავს, ევროკომისიას უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს

რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ფლორინ ბარბუ გეგმავს, მიმართოს ევროკომისიას უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის წლის ბოლომდე გახანგრძლივების თხოვნით. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი წერს. მედიასაშუალების ცნობით, რუმინეთს ასევე სურს იმ პროდუქტების სიის გაფართოება, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება.

ივნისის დასაწყისში ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

„მე დაველაპარაკები სხვა ქვეყნებიდან კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას. რაფსის, ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის გარდა, ვეცდები ათამდე პროდუქტის დამატებას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რუმინეთის პარლამენტში მოსმენების დროს.

რუმინეთი განიხილავს თაფლის, ხორცისა და სხვა პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას, რომ „რუმინელმა ფერმერებმა შეძლონ ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვა“.

მაისის დასაწყისში ევროკომისიამ უკრაინიდან იმპორტის შემზღუდავი დროებითი ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ – პოლონეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და რუმინეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი ცალმხრივად აკრძალეს. ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ეხება უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის იმპორტს.