რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა
რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსის ტესტზე სუსტად დადებითი პასუხი გამოუვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შუახნის ქალი საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს.
ნიკოლოზ ქარსივაძის ინფორმაციით, პაციენტს „კოვიდ-19“-ზე კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალ განმეორებით ჩაუტარდება. წინა პაციენტის მსგავსად, ამ მოქალაქესაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს, რომელიც დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს რუხის კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გარდა ინფიცირებულებისა, საავადმყოფოში ექვსი პაციენტი ცხელების ნიშნებით არის მოთავსებული. ყველა პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.