რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

რუხის საავადმყოფოში ათაი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა 16 მაისს შეყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი მოზარდია.

„რუხის საავადმყოფოში სამი პაციენტი შემოვიდა გასული ღამის განმავლობაში, ამათგან ერთი მოზარდია. კლინიკურად სიმპტომები არ არის გამოხატული, ჩაუტარდა სათანადო კვლევები, ჯერჯერობით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად კლინიკაში 22 პაციენტია. მათგან კოვიდინფიცირებული იყო შვიდი და წუხელ გვიან ღამით დაემატა სამი, საერთო ჯამში გვყავს 10 დადასტურებული შემთხვევა. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით საყურადღებოა 16-ში შემოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ხანდაზმულ პაციენტებში შედარებით უფრო პრობლემურად მიმდინარეობს დაავადება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში ბოლო ორ დღეში შესული ექვსი ინფიცირებული პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია.