რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა.
„ქიმიოთერაპიის განყოფილება კლინიკაში, რამდენიმე თვეა, ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის.
მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიც დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
მინისტრმა ყურადღება კლინიკის განვითარების გეგმებსა და სამედიცინო სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს ზრუნვას პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სერვისების მიღების გამარტივების მიმართულებით და როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.