რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ხუთშაბათს დილიდან რუბლი დოლარსა და ევროს მიმართებაში 10 პროცენტით გაუფასურდა. მოსკოვის ბირჟაზე უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციების ფასი რეკორდულად დაეცა.
მოსკოვის დროით დილის 09:00 საათისთვის ერთი ევროს ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა, დოლარის კურსმა კი 90 რუბლს შეადგინა. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი პირველად 2020 წლის ნოემბრის შემდგომ 2700 პუნქტზე დაბლა დაეცა.
11,5 პროცენტით გაუფასურდა „გაზპრომის“ აქციები.
აღნიშნულის ფონზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის კურსის სტაბილურობისთვის სავალუტო ინტერვენციების დაწყების შესახებ განაცხადა.
მარეგულირებელმა ბროკერებს მოკლევადიანი ვაჭრობა შეაჩერებინა, რათა რუბლზე სპეკულაციური ზეწოლა შემცირდეს.