რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში 5 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში 5 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 5,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან ორი ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათასი ტონა რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ყურძნის გადამუშავების პროცესში 25 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 100 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში სახელმწიფო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობისა და ორგანიზებულად დაბინავების მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქმნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში. მისი თქმით, თუ ბაზარზე ჭარბი ყურძენი იქნება, ამ მიმართულებით რისკები და მევენახეების ინტერესები დაცულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.