რთველის საკოორდინაციო შტაბი მევენახეებს მოუწოდებს, ყურძენი სოფლის რწმუნებულებთან შეთანხმებით დაკრიფონ, რათა ქარხნებთან რიგში დგომა არ მოუწიოთ
რთველის საკოორდინაციო შტაბი კახეთის სოფლების მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა რთველის პიკურ ფაზაში ყურძნის ჩასაბარებლად ქარხნებთან რიგებში დგომა არ მოუწიოთ.
რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ თითოეულ სოფელში დღიურად ყურძნის დაკრეფის რაოდენობის შესახებ მითითება სოფლის რწმუნებულებს ეძლევათ, თუმცა მოსახლეობის ერთი ნაწილი მათთან შეუთანხმებლად მოსავალს მაინც კრეფს, რაც იმ რაოდენობას აჭარბებს, რომლის გადამუშავების შესაძლებლობა ქარხნებს აქვთ. თუმცა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ყურძნით დატვირთული მანქანა რიგში 12 საათზე მეტხანს დაყოვნდეს.
„არის პიკური პერიოდი და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებ, სოფლის რწმუნებულებთან შეთანხმებით მოხდეს ყურძნის დაკრეფა, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები და რთველის მიმდინარეობა კოორდინირებულად წარიმართოს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სწორედ ამ მიზნით ხელისუფლება აქტიურად მუშაობს“ – განაცხადა მეხუზლამ.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში 170 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, აქედან 130 ათასი ტონა რქაწითელია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. დღე-ღამეში კახეთში 10-14 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება. შტაბის ინფორმაციით, კახეთში რთველი ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.