რთველის საკოორდინაციო შტაბი - 12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში ყურძენი ღვინის საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა
რთველის საკოორდინაციო შტაბი - 12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში ყურძენი ღვინის საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა

რთველის საკოორდინაციო შტაბის 12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 23 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 10,7 ათასი ტონა რქაწითელი, 7,5 ათასი ტონა საფერავი, 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამასთან, კახეთში ყურძენი ღვინის საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – 7 ათას ტონამდე, სადაც დედოფლისწყაროსთან ერთად, ტრადიციულად იწყება კახეთში ყურძნის კრეფა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 170 კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.