„რთველი 2020“-ის ფარგლებში საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, საქართველოში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, მათი შემოსავალი 310 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის ფარგლებში გადამუშავებულია: 175 ათასი ტონა რქაწითელი; 80 ათასი ტონა საფერავი; ხუთი ათასი ტონა კახური მწვანე; 2 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა. სუბსიდიის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა ერთი კილოგრამ რქაწითელსა და ერთი კილოგრამ კახური მწვანეში მინიმუმ 80 თეთრი მიიღეს.

კახეთში, რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 17 ათას ტონას მიაღწია. ყურძნის მიღების პროცესში 220 საწარმო იყო ჩართული. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროული და შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობა მისცა.