„რთველი 2020”-ის ფარგლებში კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020”-ის ფარგლებში კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი დაბინავებულია. ხუთი ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 260 მილიონი ლარი მიიღეს.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში – 74 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი – 60 ათასი ტონა, თელავი – 40 ათასი ტონა, სიღნაღი – 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 16 ათასი ტონა, ახმეტა – 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 7.4 ათასი ტონა.

გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა საფერავი, ოთხი ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის დასაწყისიდან დღემდე, ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0.80 ლარს გადაუხდის. ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კილოგრამ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.