„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 170 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 170 ათასი ტონა ყურძენიია გადამუშავებული. ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მილიონ ლარს აღწევს.
სააგენტოს ცნობით, კახეთში გადამუშავებული 170 ათასი ტონა ყურძნიდან 123 ათასი ტონა რქაწითელია, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია.
„მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთი კილოგრამ რქაწითელზე და ერთ კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – აცხადებენ სააგენტოში.