„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 11 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 11 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

8 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: ექვსი ათასი ტონა რქაწითელი, ორი ათასი ტონა საფერავი, ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა ორ ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის.

კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის, ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მიმდინარეობს. სხვადასხვა მოცულობის ყურძენი 40-მდე ღვინის კომპანიამ და მარანმა გადაამუშავა.

მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელსა და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.