„რთველი 2020“-ის ფარგლებში, 27 აგვისტოს მონაცემებით, 350 ტონა ყურძენია გადამუშავებული
27 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში გადამუშავებულია 350 ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანია, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვება.
გადამუშავებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინრეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე wine.gov.ge შეეძლება.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდულ ერთ კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.